რიკოთის გზის შემადგენელი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა იწყება
21 აგვისტო 2019რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ გზას კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited” ააშენებს.
ჩუმათელეთი-ხევის მშენებელობაზე გამარჯვებულ კომპანიას - China State Construction Engineering Corporation Limited”-ს, მის პორტფელში მრავალი მასშტაბური პროექტია. კომპანიას, ბოლო წლების განმავლობაში აშენებული აქვს 5 000-ზე მეტი სიგრძის გზა, ჯამურად 108 კმ. სიგრძის გვირაბები და 851 კმ. სიგრძის ხიდები. მხოლოდ 2018 წელს, კომპანიის კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 340 მილიარდამდე დოლარი შეადგინა.
S&P-ის, Moody’s-ისა და Fitch-ის რეიტინგების შეფასებით, კომპანაის საუკეთესო შეფასება „A“ რეიტინგი აქვს მიღებული, რაც უმაღლესი საკრედიტო რეიტინგია გლობალურ სამშენებლო ინდუსტრიაში.
ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების განხორციელბის ვადად 3 წელია განსაზღვრული.
პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 სექციად არის დაყოფილი და საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს შეამცირებს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მომავალში ამ მონაკვეთის დასაფარად 4-4.5 საათი საკმარისი იქნება.
მხოლოდ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, საერთო ჯამში 5 000 - ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და დასაქმებულთა 80% საქართველოს ადგილობრივი მცხოვრები იქნება.
რაც შეეხება, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო მე-4 შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, სატენდერო წინადადებების გახსნა 22 აგვისტოს მოხდება.